IKA

ჩვენი წარსული პროექტები

ჩვენმა ორგანიზაციამ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით განახორციელა შემდეგი პროექტები:

1998-99 წ. ასოციაციამ  საქ. განათლების სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით წარმატებით განახორციელა პროექტი ,,საკორექციო პედაგოგიკა და შშმ ბავშვები”, რომელმაც ფონდი ,,ჰორიზონტის” მიერ გამოცხადებული სამთავრობო და  არასამთავრობო სტრუქტურების  თანამშრომლობის სოციალური პროგრამების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის განხორციელებას დიდი რეზონანსი მოჰყვა – მან შშმ ბავშვები სასწავლო პროცესს შეაგუა, პედაგოგთან მუშაობის ჩვევები გამოუმუშავა, მათ დასძლიეს სიმორცხვის კომპლექსი და სამედიცინო-პედაგოგიურ კომისიაზე შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა, 18 ბავშვი მდგომარეობის მიხედვით გადანაწილდა შესაბამის სასწავლო დაწესებულებებში.

1999-2000 წლებში ორგანიზაციამ განახორციელა პროგრამა `საკორექციო პედაგოგიკა, შშმ ბავშვები და ინტეგრაცია, რომელიც კვლავ ფონდი ‘ჰორიზონტის’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამ პროგრამით შეიქმნა საკორექციო-დიაგნოსტიკური ჯგუფები ვაკის, მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ჯგუფებში მეცადინეობა გაიარა ასოციაციაში გაწევრიანებულმა 40-მა ბავშვმა. პროექტმა ხელი შეუწყო შშმ ბავშვების მასიურ სკოლებში შესვლას და ჯანმრთელებთან ინტეგრაციის პირველი ეტაპის დაწყებას.

1997წ. გამოვეცით ბროშურა ,,ბავშვი სწავლობს ლაპარაკს”. მასში წარმოდგენილი  იყო  გამაფრთხილებელი ნიშნები, როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ახალშობილსა და მოზარდს  ჯანმრთელობის   პრობლემა. ბროშურები უფასოდ გავრცელდა სამშობიარო სახლებში.

შევქმენით ყრუ ბავშვთა შემეცნებით-სანახაობითი კლუბი. ვინაიდან, საქართველოს ტელევიზიის არცერთ არხზე არ მიმდინარეობდა  ფილმებისა და საინფორმაციო გადაცემების ჩვენება ჟესტურ ენაზე, ბავშვებს შევუძინეთ ფერადი ტელევიზორი, ვიდეო მაგნიტოფონი, მოვიწვიეთ თარჯიმანი მათივე სკოლიდან, რომელიც მათთვის გასაგებ ენაზე ბავშვებს აწვდიდა ინფორმაციას ფილმის მსვლელობისას.   

საპატრიარქოსთან შეთანხმებით, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩავწერეთ აუდიო კასეტა `ქართული იავნანა’, რომელშიც წარმოდგენილია ქართული ხალხური ზღაპრები, ლოცვები და იავნანა. კასეტები შშმ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ.

2000 წლის ზაფხულში ორგანიზაციამ ფონდი `ღია საზოგადოება-საქართველო’-ს მხარდაჭერით განახორციელა პროექტი `ვიყოთ ერთად’, რომელიც ინტეგრირებული ბანაკის მოწყობას ითვალისწინებდა დაბა წაღვერში. შშმ    ბავშვებმა და ტიპური  განვითარების   მქონე ბავშვებმა დაისვენეს ერთად, მათ საშუალება მიეცათ გამოევლინათ საკუთარი შემოქმედებითი უნარი, ერთობლივად დაედგათ წარმოდგენები, მოეწყოთ გამოფენები, მიეღოთ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში და შეექმნათ ლამაზი ესთეტიკური სამყარო.

2002 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორის” ფინანსური დახმარებით ორგანიზაციამ განახორციელა  პროექტი ,,თანადგომა”, რომლიც გლდანის N2-ე დამხმარე ინსტიტუციაში (ამჟამად, მე-200 საჯარო   სკოლა-პანსიონი) ბუნებრივი აირის შეყვანას, გათბობის სისტემის  უზრუნველყოფას, ინსტიტუციის ბინადართა საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. შენობაში დამონტაჟდა გაზის გამათბობელი ღუმელები, წყლის გამაცხელებელი, გაზქურები, ელექტრო ნეონის ლამფები. მოწესრიგდა საკლასო, საძინებელი ოთახების და  აბაზანის გათბობის პრობლემა. მოწესრიგდა კვების ბლოკის საკითხიც. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებდა დამხმარე მეურნეობის, კერამიკის სასწავლო-საამქროს შექმნას, რომელმაც მოაგვარა შშმ პირთა თიხის თერაპიაში დაოსტატების პრობლემა. განათლების სამინისტროს დახმარებით და აღნიშნული პროექტით ორგანიზაციამ შეძლო ინტერნატში თიხის თერაპიის სასწავლო საგნად ჩართვა როგორც შრომითი საქმიანობის ერთ-ერთი სახე  და გადაწყდა მოსწავლეთა  სერთიფიცირების საკითხიც, მათ მიიღეს დამადასტურებელი სერთიფიკატი კერამიკოსის სპეციალობით. ინსტიტუციის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დასაწყისში ორგანიზაციამ საჩუქრად გადასცა სასწავლო ნივთები. პროექტის განხორციელებაში ასოციაციის წევრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ თემის წარმომადგენლებიც.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის პროგრამას, რომელიც 2003-2004 წლებში  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა, შეირჩა რამდენიმე სამოდელო სკოლა. ჩვენმა ასოციაციამ 24-ე საშუალო სკოლა აირჩია. პროექტის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა საზოგადოებაში ინტეგრირება, მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია და საერთო სასწავლო პროცესში ჩართვა, ინტეგრირებული სწავლების პრინციპების დანერგვა წარმოადგენდა.

ჩვენმა ასოციაციამ პროექტის ფარგლებში სამოდელო სკოლის შენობის შიდა და გარე ინტერიერის ადაპტირება მოახერხა მოძრაობაში შეფერხების  მქონე ბავშვების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად (ეტლების გადასაადგილებელი პანდუსები,სპეციალური საყრდენები საპირფარეშოში, დასვენების ოთახი დამხმარე თვალსაჩინოებით და სხვა).  მოეწყო ინტეგრირებული სწავლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან და მშობლებთან. შეირჩა ბავშვებთან მომუშავე კადრი, ინკლუზიური სწავლებისათვის განსაზღვრული კონტიგენტი, მიმდინარეობდა ბავშვების სპეციალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

პროექტის განხორციელებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, რამაც ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვას საჯარო  სკოლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო პროცესებში.

2003 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორის” ფინანსური დახმარებით განვახორციელეთ პროექტი ,,ვისმინოთ ერთად”, რომლის მიზანი იყო სმენადაქვეითებულ  ბავშვთა რესპუბლიკური ბაგა-ბაღის გადაუდებელი დახმარება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, მოსამზადებელი ჯგუფის შექმნა და მშობლებთან მუშაობა. ბაგა-ბაღში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 130 აღსაზრდელი იყო. როგორც აბსოლუტურად ყრუ, ასევე სმენადაქვეითებული ბავშვები. იმ  დროს ყრუთა კატეგორია სრულ სოციალურ იზოლაციაში იყო მოქცეული, რაც ხელს უწყობდა მათში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას. სმენადაქვეითებულებს დროული ჩარევით, ხანგრძლივი ვარჯიშით, ვიზუალური მასალითა და ბაგეების მოძრაობით შეუძლიათ მეტყველება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ მიზნით ბაგა-ბაღში მათთვის ჩამოვაყალიბეთ მოსამზადებელი ჯგუფი, სადაც სურდოპედაგოგები თითოეულ ბავშვთან მუშაობდნენ ინდივიდუალური პროგრამით. მუშაობის პროცესში სპეციალისტები იყენებდნენ სპეციალურ აპარატურას, სასმენ აპარატებს, ლუპის სისტემას, თვალასაჩინო მასალას. ყოველივე ამან ხელი შეუწყო რამდენიმე სმენადარღვეული ბავშვის ჩართვას საერთო სასწავლო პროცესში.

2003 წლის აგვისტოს თვეში ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ პროექტი ,,სხივი”, რომელიც ქობულეთის რაიონის კურორტ ციხისძირში ს/ს დასასვენებელ სახლ ,,შუქურას” ბაზაზე საზაფხულო ბანაკის მოწყობას ითვალისწინებდა. საზაფხულო ბანაკში #2-ე დამხმარე ინსტიტუციის (მე-200 საჯარო   სკოლა-პანსიონი) 22-მა აღსაზრდელმა 19 დღის განმავლობაში დაისვენა. ბანაკში ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, გამოევლინათ ინტელექტუალური და შრომითი შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ღონისძიებები – საღამოები, ვიქტორინები. პედაგოგების დახმარებით ბავშვები სწავლობდნენ ქარგვას, ქსოვას, კერვას. მოეწყო ექსკურსია, ბავშვებმა დაათვალიერეს გონიოს ციხე და ბათუმის ღირსშესანიშნაობები.

2004 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით ორგანიზაციამ  განახორციელა პროექტი ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაცია”, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, შშმ ბავშვების სკოლაში ინტეგრაციას, ზოგადსაგანმანათლებლო პროცესებში ჩართვას, სკოლის განვითარების პროგრამის აგებას, აქტიურ სწავლებაში უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვას, როგორც სკოლის განვითარების პროექტის განუყოფელ ნაწილს და არა როგორც დამატებითი შესაძლებლობების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. პროექტის განსახორცილებლად შეირჩა ორი სამოდელო სკოლა 24-ე საჯარო სკოლა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და გერმანული სკოლა თელავში. განხორციელდა პილოტური სკოლების შენობების ადაპტირება, მოეწყო რესურს-ოთახები, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ინკლუზიური სწავლების საკითხებზე, შეირჩა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მომუშავე კადრები.

,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია,, გაწევრიანებული იყო  ,,საქართველოს ქალთა კოალიციაში”, ბავშვებისა და მოზარდების პრობლემებით დაკავებული საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში.

,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია” აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასმედიასთან.

ჩვენი პარტნიორი (დონორი) ორგანიზაციები იყვნენ: ფონდი ,,ჰორიზონტი”, ,,მერსი ქორი”, ფონდი ,,ღია საზოგადოება”.

ინფორმაცია ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის” შესახებ პერიოდულად შუქდებოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ასოციაცია თვითონაც გამოსცემდა ყოველთვიურ გაზეთს ,,მშობლის ხმა”, რომელიც ხელს უწყობდა შშმ ბავშვების მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე. 

2004 წელს ივნისში ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა  შშმ პირთა მე-8 მსოფლიო კონგრესზე ნორვეგიაში, სტავანგერში. სადაც ხელი მოვაწერეთ სტავანგერის დეკლარაციას, რომელიც წევრ ქვეყნებს მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას ავალებდა: კერძოდ, ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისთვის გზების დასახვა და სპეციალური ადგილობრივი პროგრამების განვითარება, რომლებიც სოციალურად დაუცველი ფენების,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვებისა და მოზარდების  საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვას შეუწყობდა ხელს.

2005 წელს ჩვენი ორგანიზაცია  საერთაშორისო ორგანიზაციების ,,VORLD LEARNING,, და ,,USAID,, დახმარებით ახორციელებდა პროექტს _ `ვისწავლოთ ერთად ცხოვრება~, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე საზოგადოების გაცნობიერებასა და ფართო PR კამპანიას ისახავდა მიზნად.

 2006_2007 წელს ნიდრელანდების გაერთიანებული სამეფოს მახარდაჭერით განახორციელა პროექტი_ ,, ვიშრომოთ ერთად” , რომელიც მინი-სტამბის შექმნასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა სოციალურ ინტეგრაციას ისახავდა მიზნად.

2008-2009 წელს ,,მსოფლიო ბანკის” მხარდაჭერით ორგანიზაციამ განხორციელა პროექტი ,,ახალგაზრდა ლიდერთა ინტეგრირებული კლუბი”, რომელიც მუშაობდა ორი მიმართულებით: მოზარდთა სამოქალაქო განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილ საკვირაო სკოლაში მოზარდებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ნაკეთობების დამზადებაში (კერვა, ქარგვა, ქსოვა, გობელენი).  ისინი მონაწილეობდნენ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.

2010-2011  წელს  ,,მსოფლიო ბანკის ” მხარდაჭერით ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი ,,იმედი”, რომლის მიზანსაც სოციალურად დაუცველ, დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქალაქო განათლება, პროფესიული განვითარება, სხვადასხვა სახელობო პროფილისა და უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება, მშობელთა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა შშმ პირთა პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

2012 -2013წ. ამერიკის  საელჩოს   მხარდაჭერით  მიმდინაროებდა  პროექტი-,,სამეწარმეო  უნარ-ჩვევების   განვითარება  და  თანაბარი   პირობების  შექმნა  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე  პირებისთვის.”

2016 წ.-წლიდან დღემდე ხის    საწარმო ,,სხივი’’ შეიქმნა ,,ბავშვთა    და  ახალგაზრდობის ფონდის  პარტნიორობით,    ჩეხეთის განვითარების საგენტოსა და      ჩეხური ორგანიზაცია- „ადამიანი გაჭირვებაში“, ერთად  „ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინკლუზიის/ჩართულობის მხარდაჭერის’’ პროექტის ფარგლებში , პროექტის   თანადამფინანსებელი -თბილისის   მერია.

2018 წ-2019 – ორგანიზაციამ   განახორციელა პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,უფლებები    საქართველო’’ განახორციელა პროექტი-,,თანაბარი    უფლება   ყველა    ამომრჩეველს’’-ცეესკო.

2016-2017 -,,Iთ’’ თანამედროვე   საგანმანათლებლო   და    თერაპიული   ინსტრუმენტების      გამოყენებით  ინტელექტუალური   შეზღუდვის    მქონე   პირებთან   მუშაობის    თანამედროვე    მეთოდები- ვარშავა,პოლონეთი.

2018-,,Iთ’’ თანამედროვე   საგანმანათლებლო   და    თერაპიული   ინსტრუმენტების      გამოყენებით  ინტელექტუალური   შეზღუდვის    მქონე   პირებთან   მუშაობის    თანამედროვე    მეთოდები-საქართველო.

2021-2022 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და  ა(ა)იპ ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე  ბავშვთა  დახმარების ასოციაცია“ -ს   შორის     2021  წლის 13 დეკემბერს   გაფორმებული  N12-001-2021 ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტის ,,ერთად-ერთმანეთისთვის“ ყოფილ პატიმართა  და   პირობით მსჯავრდებულთა შშმ პირებთან რესოციალიზაცია-ინტეგრაციის პროექტი. საქართველოს   იუსტიციის  სამინისტრო,არასაპატიმრო,  სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო .

2022-2023 წ.-იტალიური მოხალისეობისა და კვლევის ცენტრი ,,ჩესევოკასთან ‘’  თანამშრომლობის    ხელშეკრულების   გაფორმება,პროექტის ,,შენთვის ირაკლი’’ თანამშრომლობის ფარგლებში  ორგანიზაციის   ბაზაზე   იტალიელი   მოხალისეების     ჩამოსვლა.

2022 წ. —  ,,შშმ პირთა   სოციალური    სერვისები   და   საერთაშორისო    გამოცდილება’’ – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და    სოციალური მომსახურების საქალაქო  სამსახური. პროექტის მიზანს წარმოადგენდა    საქართველოში შეზღუდულობის ყველა ფორმისა და შეფერხების მქონე პირთა   საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ   საჭიროებებზე  მორგებული  მუნიციპალური   სერვისების    ეფექტურად    დანერგვა და    განვითარება.

2022წ. სექტემბერი-იტალია-საქართველოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იტალიიდან და საქართველოდან.

2022 წ.ნოემბერი-17-23 ნოემბერს იტალიური მოხალისეობისა და კვლევის ცენტრი ჩესევოკა მოწვევით,  სამუშაო ვიზიტი  იტალიაში, ქალაქ რომში, ფოჯასა და   ლუჩერაში. იტალიური   მხარის  ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალაქ ლუჩერას მერთან, ჯუზეპე    პიტასთან და    მუნიციპალიტეტის   წარმომადგენლებთან. მათ  გაგვაცნეს   იტალიაში   არსებული    სოციალური   პოლიტიკა, გამოთქვეს    სურვილი, მეგობრობისა და თანამშრომლობის მჭიდრო ხიდი გაიდოს  იტალიასა და საქართველოს შორის.

ვიზიტის მიზანი  იყო  ევროპის ქვეყნების,  კერძოდ, იტალიაში  შშმ პირთა წარმატებული მუნიციპალური სერვისების გაცნობა.    ვიზიტის ფარგლებში  შევხვდი მუნიციპალიტეტის და სერვისის მიმწოდებელ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელთაც  ჰქონდათ  გამოცდილება სხვადასხვა შეფერხების    მქონე შშმ  პირთა  მიმართულებით,შეხვედრა მქონდა სფეროს ექსპერტებთან.  

2022 წ.- ,,ხელოვნებით   თერაპია  შშმ  პირთა  საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  საქალაქო სამსახურსა       და    ა(ა)იპ ,,სმენისა  და მეტყველების        დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაცია“ – ს  შორის  გაფორმებული N08.13/8 14.07.2022  ხელშეკრულებით განხორციელებული პროექტი.

2022-2023   წლიდან-,,სხივი’’ – ღია    სახელოსნო  შშმ  პირთა   მხარდაჭერითი       დასაქმებისთვის’’.

2023 წ. – დღის   ცენტრის    სახელმწიფო   პროგრამის   ფუნქციონირება-საქართველოს    ოკუპირებული  ტერიტორიებიდან   დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და    სოციალური   დაცვის  სამინისტრო, სოციალური მომსახურების  სააგენტო.







შშმ ახალგაზრდებისა და შშმ ბავშვთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საფრანგეთის საელჩოს მიერ ჩვენი ორგანიზაცია ორჯერ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და დიპლომით.

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.