მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ასოციაცია ,,იკამ’’ განავითარა პარტნიორობა იტალიასთან და იტალიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ქალაქ კაპიტანატას კვლევისა და მოხალისეობის ცენტრთან Ce.S.eVo.Ca , რომელიც მდებარეობს იტალიაში, ქალაქ ფოჯაში. იტალიურ ორგანიზაციასთან ურთიერთობაში დიდი დახმარება გაგვიწია ანტონიო ფუსკომ, საჯარო სამსახურის საერთაშორისო პროექტის „ხელები, რომლებიც ეხმარება“ კოორდინატორმა. პანდემიის გამო, 2 წლიანი ბლოკადის შემდეგ, პირველად საქართველოში სწორედ ჩვენს ორგანიზაციასთან პარტნიორობით დაიწყო იტალიური ორგანიზაციის პროექტი საქართველოში, ქალაქ თბილისში.
იტალიური კვლევისა და მოხალისეობის ცენტრი Ce.S.eVo.Ca მრავალი წელია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყანაში (პოლონეთი-უნგრეთი-ჩეხეთი-ლიეტუვა):
,,ჩვენ ავიღეთ ვალდებულება მათ მხარდაჭერაზე ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებამდე. ვიმედოვნებთ, რომ ეს განმეორდება თქვენთანაც, მალე მოგესალმებით ევროპული საზოგადოების დიდ ოჯახში. ამ პროექტის განხორციელება საქართველოში, იტალიისა და საქართველოს თანამშრომლობა, მეგობრობა, იტალიელი მოხალისეების საქართველოში ჩამოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვინდა ეს მივუძღვნათ იმ ქართველ ხალხს, რომლებიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 30 000, საიდანაც 18 272 რეგისტრირებულია, ხოლო ჩვენს რეგიონში პულიაში არის დაახლოებით 5000, აქედან 3596 (რეგულარული). გვინდა, მივუძღვნათ თბილისის ყველა მოქალაქეს, მის ხელისუფლებას, ასოციაცია IKA-ს, პრეზიდენტს, მაიას , თბილისელ შშმ პირებს,განსაკუთრებით, მაიას შვილის, ირაკლის ხსოვნას, რომელიც ელოდა ჩვენს ჩამოსვლას, სამწუხაროდ, არ დასცალდა… ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელსაც ვუწოდეთ “შენთვის ირაკლი” ამ შესანიშნავი შშმ ბიჭის გასახსენებლად, რომელიც ასოციაციის აქტიური წევრი იყო.
ჩვენი მიზანი არ დასრულდება პირველი პროექტის განხორციელებით, ჩვენ გავაგრძელებთ მის განვითარებასა და გაძლიერებას უახლოეს წლებში, რათა მეტი მოხალისე ჩამოვიდეს იტალიიდან ქალაქ თბილისში, გვქონდეს აქტიური თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ადგილობრივ მოხალისეობრივ გაერთიანებებთან. ერთად შევუწყოთ ხელი შეხვედრების ორგანიზებას, დავგეგმოთ ახალი ინიციატივები, პროექტები და აქტივობები. ჩვენ ერთად შევძლებთ ამას! გვინდა, ავაშენოთ სოლიდარობის იდეალური ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის, არა მხოლოდ ჩვენი კარგი პრაქტიკის გაცვლით, როგორც დღეს ვაკეთებთ, არამედ კონკრეტულად ვიმუშაოთ ერთად, ავაშენოთ უფრო სამართლიანი, უფრო სოლიდარული და ინკლუზიური საზოგადოება- ანტონიო ფუსკო.
ასოციაცია ,,იკას’’ პარტნიორობით ჩვენ ურთიერთობა დავამყარეთ ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან. თბილისის მერიის პარტნიორობით, პირველი პროექტი მოიცავდა ევროპის სხვა ქვეყნებში შშმ პირთა მიმართულებით წარმატებული პრაქტიკის გაცნობას, სოციალური პოლიტიკის, კანონმდებლობის კვლევასა და შესწავლას, განსაკუთრებული აქცენტი ეროვნულ და ადგილობრივ სოციალურ პოლიტიკაზე, სოციალურ სერვისებზე კეთდებოდა, რომლებიც მიეწოდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. კვლევის გარდა, 2022 წლის სექტემბერში, ჩვენ მოვაწყვეთ და ჩავატარეთ ორმხრივი საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა თემაზე – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის კარგი პრაქტიკა საქართველოსა და იტალიაში’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოდან, ასევე იტალიიდან. ონლაინ-კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში არსებული შშმ პირთა მუნიციპალური, სოციალური სერვისების წარმოდგენა და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა. კონფერენციაზე მონაწილეები გაეცნენ იტალიაში არსებულ სოციალურ პოლიტიკას, სერვისებს, გამოცდილებას, მუშაობის მეთოდებს, წარმატებულ პრაქტიკებს შშმ პირთა მიმართულებით.
ეს იყო ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა.
კონფერენციის მონაწილეებს იტალიიდან მიესალმა ქალაქ ლუჩერას მერი – ჯუზეპე პიტა: ,,მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მუნიციპალურ ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის წევრებს, ქალაქ თბილისს, კონფერენციის ყველა მონაწილეს. ჩემი გულთბილი მოკითხვა მინდა გადავცე და მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს. გარდა ამისა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა და მომავალშიც იმუშავებს ამ ორ ქვეყანას შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის წარმატებისთვის. იმედი მაქვს, ჩვენ შევქმნით მეგობრობის, ტურიზმის, ინკლუზიისა და კარგი პრაქტიკის ხიდს, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხებისა და ტერიტორიების ერთმანეთთან დაახლოება ორმხრივი ზრდის გზით.’’
ასოციაცია ,,იკა’’ რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის მოხალისეობისა და კვლევის ცენტრთან, მათ მიერ ჩვენს ორგანიზაციაში მოვლენილია და მუშაობს სამი მოხალისე იტალიიდან. ეს პროექტი პირველად ხორციელდება საქართველოში იტალიის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. იტალიის მხრიდან ონლაინ-კონფერენციის ორგანიზებაშიც ეს ორგანიზაცია დაგვეხმარა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, უნივერსალური საჯარო სამსახურის საგარეო პროექტების კოორდინატორს, თბილისის პროექტის ხელმძღვანელს ანტონიო ფუსკოს დახმარებისთვის, მადლობა ჩვენს იტალიელ მოხალისეებს დევიდს, დებორასა და ალბერტოს. დიდი მადლობა თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის.
2023 წლის ნოემბერში იტალიური მოხალისეობისა და კვლევის ცენტრი Ce.S.eVo.Ca მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი იტალიაში, ქალაქ რომში, ფოჯასა და ლუჩერაში. იტალიური მხარის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალაქ ლუჩერას მერთან, ჯუზეპე პიტასთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. მათ გაგვაცნეს იტალიაში არსებული სოციალური პოლიტიკა, გამოთქვეს სურვილი, მეგობრობისა და თანამშრომლობის მჭიდრო ხიდი გაიდოს იტალიასა და საქართველოს შორის. ვიზიტის მიზანი იყო ევროპის ქვეყნების, კერძოდ, იტალიაში შშმ პირთა წარმატებული მუნიციპალური სერვისების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში შევხვდი მუნიციპალიტეტის და სერვისის მიმწოდებელ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება სხვადასხვა შეფერხების მქონე შშმ პირთა მიმართულებით, შეხვედრა მქონდა სფეროს ექპსერტებთან.
მოვინახულე და გავეცანი წარმატებულ იტალიურ პრაქტიკას, სოციალურ სერვისებს, მუნიციპალურ პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იტალიაში, ვეწვიე შშმ პირთა ცენტრებს, ორგანიზაციებს. შევხვდი ორგანიზაცია ,,დივერსიბილიტის’’ წარმომადგენლებს, გავეცანი მათ მუშაობას, როგორი მეთოდებით მუშაობენ ინტელექტუალური განვითარებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირებთან. ორგანიზაციის ბაზაზე აქვთ სხვადასხვა სახელოსნოები, ამზადებენ სუვენირებს, ხელს უწყობენ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებას. ამავე ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს შოკოლადის წარმოების ლაბორატორია, სადაც ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირები არიან დასაქმებულნი, საწარმო ფუნქციონირებს მუნიციპალური და საერთაშორისო მხარდაჭერით. დავათავალიერე შშმ პირთა სამხატვრო გალერეა და გავეცანი სოციალური პროექტების ცენტრის, ასევე ხანდაზმულთა შეხვედრების კლუბის საქმიანობას.
ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუტისტური სპექტრის მქონე მშობელთა ორგანიზაციიის ,,ონლუს’’ შექმნილმა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დასაქმების ცენტრმა. ორი მშობელთა ორგანიზაციის შეხვედრა, იტალიური გამოცდილების გაზიარება, მუნიციპალური სოციალური სერვისები, უზარმაზარი შენობა-ნაგებობა სხვადასხვა სახელოსნოებით, მიწის ნაკვეთებით, სადაც გარდა ხელობისა, შშმ პირებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობასაც ასწავლიან.
მნიშვნელოვანი იყო ექსპერტებთან შეხვედრა საერთაშორისო კონფერენციაზე ქალაქ ფოჯას უნივერსიტეტში, კონფერენციის სახელწოდება იყო – ,,შშმ პირთა ინკლუზია და სოციალური სერვისები’’ საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა, წარმატებული პრაქტიკის გაცნობა, იტალიური გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დაგვეხმარება ქართულ რეალობასა და შშმ პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაში.
იტალიური მოხალისეობისა და კვლევის ცენტრი Ce.S.eVo.Ca თანამშრომლობა, იტალიელი მოხალისეების მასპინძლობა მიზნად ისახავს ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებასა და საერთაშორისო პროექტების განვითარებას. იტალიელი მოხალისეები ჩართულნი არიან ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობაში, კვლევაში, ადვოკატირებასა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში.
ჩვენ ერთად ავაშენებთ იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობის მყარ ხიდს!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.