IKA

რატომ იკა?

ირაკლი ქემოკლიძე იყო, ორგანიზაციის აქტიური წევრი, ხის სოციალური საწარმო ,,სხივის’’ თანადამფუძნებელი.

ირაკლი ქემოკლიძე (1989-2021)საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის ისტორიაში შევიდა, როგორც უფლებედამცველი, სამოქალაქო აქტივისტი,რომელმაც ადვოკატირების შედეგად არაერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცხოვრება შეცვალა.

ირაკლი ქემოკლიძემ  პრეცედენტი შექმნა , იგი იყო პირველი შშმ პირი, რომელმაც დედის მხარდაჭერით, საკუთარი   უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სადაც ითხოვდა, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებთან დაკავშირებული მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ,   2014 წლის  8 ოქტომბერს N2/4/532014  მიიღო  გადაწყვეტილება, რომლითაც, ფსიქიური და   ინტელექტუალური შეზღუდვის  მქონე პირთა  მიმართ,  არსებული ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო.

ამ სასამართლო გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გახმაურებელი ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების დაწყებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს 6 თვე განუსაზღვრა გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის მარტს მიიღო 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი.

აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-12 მუხლთან. კონვენციის მე-12 მუხლი კი აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორ უფლებას სამართლის სუბიექტად აღიარებაზე და კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ქმედუნარიანობის შეზღუდვას.

სწორედ ირაკლი   ქემოკლიძის    სარჩელი   და    სასამართლო   გადაწყვეტილება   გახდა ქვეყანაში ქმედუნარიანობის  სისტემის რეფორმისა და სოციალურ    მოდელზე   გადასვლის     საფუძველი.

ირაკლი ქემოკლიძემ თავისი   შეუპოვრობით, შშმ   პირთა   უფლებების ადვოკატირებით,  სამოქალაქო აქტივიზმით, დაამტკიცა, რომ  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,  ამით დიდ და მასშტაბურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი საქართველოში. ეს არის დედა-შვილის ბრძოლის ისტორია.

ირაკლი  ქემოკლიძე   2021   წლის  6 თებერვალს   გარდაიცვალა,  მაგრამ   მის   ბრძოლას   უკვალოდ   არ    ჩაუვლია,მისი სახელი   ისტორიაში შევიდა  და  თაობიდან   თაობას   გადაეცემა. ირაკლის   გარდაცვალების   შემდეგ,მისი   ხსოვნის   უკვდავსაყოფად,ორგანიზაციას დაერქვა – სმენის, მეტყველების, ინტელექტუალური   შეფერხების   მქონე  პირთა   ასოციაცია ,,იკა’’. ირაკლი ქემოკლიძის საქმე და სახელი,ამავე   დროს,  შესულია    სახელმძღვანელოში, რომელსაც   სწავლობს     იურიდიული ფაკულტეტის    ყველა   სტუდენტი.

შშმ პირთა უფლებების დაცვისა და   გამორჩეული    სამოქალაქო    აქტივიზმისთვის, როგორც   უფლებადამცველი  და    სამოქალაქო    აქტივისტი,   გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის    მიერ    დაჯილდოვდა    ღირსების   მედლით .

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.