IKA

ირაკლის ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 26 იანვარი, 1989 წ. (32 წლის)

კატეგორია: უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, ახალგაზრდული მუშაკი. 

დაბადების ადგილი : ქ. თბილისი.

ირაკლი დავითის ძე ქემოკლიძე დაიბადა ქ. თბილისში 1989 წლის 26 იანვარს ინტელიგენტის ოჯახში.

2008 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 193-ე საჯარო სკოლა.

დაამთავრა პროფესიული  კოლეჯი. წარმატებით    გაიარა ოპერაციული   სისტემების საბაზისო   კურსი : MICROSOFT WINDOWS XP,  MICROSOFT WORD, MICROSOFT EXCEL , INTERNET).

დედა-მაია ასაკაშვილი (ირაკლის მხარდამჭერი)-ფილოლოგი- ჟურნალისტი, სპეც.პედაგოგი. სპეციალური და ინკლუზიური განათლების პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორანტი,  ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში, უფლებადამცველი. 

,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშთა დახმარების ასოციაციის ‘’(მშობელთა კავშირი) დამფუძნებელი, ხის სოციალური საწარმო ,,სხივის’’ დამფუძნებელი და დირექტორი,სხვადასხვა სოციალური პროექტის ხელმძღვანელი,არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატის  მფლობელი,სხვადასხვა სამეცნიერი შრომის, საგაზეთო პუბლიკაციის,რუბრიკის ავტორი.

მამა -დავით ქემოკლიძე, ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა  კანდიდატი, არაერთი სამეცნიერო    ნაშრომის ავტორი, მრავალი   სახელმძღვანელოს თანაავტორი, პროფესორ გორგასლან ქემოკლიძესთან (ირაკლის ბაბუა) ერთად.

1997  წლიდან,  ბავშვობის ასაკიდანვე, აქტიურად იყო ჩართული დედასთან   ერთად ,,სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშთა დახმარების ასოციაციის’’(მშობელთა კავშირის) საქმიანობაში, მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში.

2016   წლიდან იყო ხის   სოციალური   საწარმო ,,სხივის’’ თანადამფუძნებელი და    აქტიური წევრი.

ირაკლი ქემოკლიძე იყო    პირველი შშმ პირი,  რომელმაც საკუთარი   და   მეგობრების უფლებების     დასაცავად  სასამართლოს   მიმართა.  2014 წელს   ირაკლი ქემოკლიძემ საკონსტიტუციო  სასამართლში პროცესი მოუგო საქართველოს   პარლამენტს.

 საკონსტიტუციო სასამართლომ,   2014 წლის  8 ოქტომბერს N2/4/532014  მიიღო  გადაწყვეტილება,   ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად  სცნო.  ეს   იყო   უპრეცედენტო  შემთხვევა    ქვეყნის   პარლამენტარიზმისა   და   მართლმსაჯულების     სისტემის   ისტორიაში.

 

ამ სასამართლო  გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გახმაურებელი ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების დაწყებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს 6 თვე განუსაზღვრა გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის მარტს მიიღო 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი. აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-12 მუხლთან.

ირაკლი ქემოკლიძის,   სარჩელი და  საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება გახდა  საქართველოში  რეფორმის,სოციალურ მოდელზე გადასვლის საფუძველი, მხარდაჭერის მიმღებ პირებს დაუბრუნდათ სამოქალაქო უფლებები,  მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

ირაკლი   ქემოკლიძე    დაჯილდოებულია    სხვადასხვა  სერთიფიკატებით:

2005 წ-,,სტავანგერის   ერთობა’’  -,,ვისწავლოთ   ერთად   ცხოვრება’’-     ამერიკის    შეერთებული   შტატების    საერთაშორისო   განვითარების    სააგენტო(UშAID)  საერთაშორისო   ორგანიზაცია ,,მსოფლიო   სწავლება’’;

 2012 წ- ,,სტარტ-კავკასიის’’   ფარგლებში-,,სპორტული  დღე  მზრუნველობის   სახლში’’-სპორტი    ყველასათვის      ფარგლებში;

2013 წ-სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში   მონაწილეობისთვის-სსიპ    ბავშვთა  და ახალგაზრდობის    ეროვნული   ცენტრი;

2015წ. -,,სამეწარმეო   უნარ-ჩვევების    განვითარება და    თანაბარი   პირობების    შექმნა შშმ   პირებისთვის’’-   ამერიკის    საელჩო;

2017 წ-,,Iთ’’ თანამედროვე   საგანმანათლებლო   და    თერაპიული   ინსტრუმენტების      გამოყენებით   ინტელექტუალური   შეფერხების  მქონე   პირებთან   მუშაობის    თანამედროვე    მეთოდები , დამხმარე საშუალება,  ღია შრომის ბაზარზე   დასაქმებისთვის’’-RITA -პროექტის   ფარგლებში,პოლონეთის    ინტელექტუალური   შეფერხების    მქონე   პირთა    ასოციაცია.

2018  წ.-ახალგაზრდული მუშაკების მობილურობა-ERASMUS+  ,,ძირითადი უნარები დასაქმებისთვის’’ -ახალგაზრდული   მუშაკების    საერთაშორისო    ტრენინგი;

2018 წ.- პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგული სტრატეგიები    სოციალური საწარმოებისთვის – ERASMUS+  (ერასმუს  პროექტის   ფარგლებში);

2019 წ.-,,ხის    საწარმო  შშმ  პირთა     სოციალური   ინკლუზიისთვის’’-წარმატებით   გაიარა   არაფორმალური    განათლების   მეთოდებითა  და   ინდივიდუალური   საჭიროებებზე    მორგებული   მიდგომების   გამოყენებით ,ხის     საწარმოს   ოსტატად  გადამზადების თეორიული   და  პრაქტიკული  კურსი-ბავშვთა და   ახალგაზრდობის    განვითარების     ფონდი,ჩეხური   ორგანიზაცია,,ადამიანი  გაჭირვებაში’’,ჩეხეთის   განვითარების    სააგენტო.

2017 წ. –   საფრანგეთის    საელჩოს     მიერ  საქართველოში  შშმ  პირთა  უფლებების   დაცვის     სფეროში   შეტანილი     წვლილისთვის  დაჯილდოვდა    სპეციალური პრემიითა    ადამიანის    უფლებების    დარგში;

2019 წ.-საფრანგეთის    საელჩოს     მიერ      ყველაზე   მოწყვლადი   ჯგუფის,   შშმ  ბავშვთა,  უფლებების   დაცვის     სფეროში   შეტანილი     წვლილისთვის  დაჯილდოვდა   საელჩოს    პრიზითა და    დიპლომით.

ირაკლი ქემოკლიძე მონაწილეობდა  სხვადასხვა საერთაშორისო   კონფერენციებზე,ფესტივალებსა  და   გამოფენებზე. მიღებული   აქვს   არაერთი სიგელი: მზის ფესტივალი მონაწილეობისთვის-,,ჩვენ    ვხედავთ   მზეს’’- კომპანია    ჯეოსელი,მზიური. საქველმოქმედო   გამოფენა-,,ვიყოთ   ერთად’’ -მომავლის    ხელოვნების     სკოლა  და   სხვა.

ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის ისტორიაში შევიდა, როგორც უფლებედამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ადვოკატირების შედეგად არაერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცხოვრება შეცვალა.

 ირაკლი ქემოკლიძემ  თავისი    შეუპოვრობით, შშმ   პირთა    უფლებების ადვოკატირებით,    სამოქალაქო    აქტივიზმით,დაამტკიცა, რომ  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,  ამით   დიდ და მასშტაბურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი საქართველოში.

ირაკლი ქემოკლიძე  2021   წლის  6  თებერვალს    გადაიცვალა,მაგრამ მის ბრძოლას უკვალოდ  არ    ჩაუვლია.   ირაკლი   ქემოკლიძის    სახელი   ისტორიაში   შევიდა,როგორც    რეფორმატორი,ქმედუნარიანობის      სისტემის   რეფორმის   ფუძემდებელი,რომელიც   თაობიდან თაობას   გადაეცემა,დავიწყებას  არ   მიეცემა. მისი    საქმე და სახელი,ამავე   დროს,   შესულია    სახელმძღვანელოში,რომელსაც   სწავლობს     იურიდიული   ფაკულტეტის    ყველა   სტუდენტი.

2021 წ. 10 დეკემბერი- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა   უფლებების დაცვის   საქმეში   შეტანილი  პირადი    წვლილის,გამორჩეული სამოქალაქო  აქტივიზმის,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული  საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და  მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის  საქართველოს   პრეზიდენტის  მიერ ( განკარგულება  N07/12/01 2021წ. 7 დეკემბერი,ქ.თბილისი საფუძველზე),როგორც უფლებადამცველი და   სამოქალაქო   აქტივისტი, დაჯილდოვდა ღირსების    მედლით   გარდაცვალების   შემდეგ.

2021 წ. 10 დეკემბერი- ადამიანის   უფლებათა   დაცვის    საერთაშორისო   დღეს -დაჯილდოების ცერემონია,   ორბელიანების სასახლეში გაიმართა . სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე   ზურაბიშვილმა, ირაკლი ქემოკლიძის  დედას,    მაია   ასაკაშვილს,    გადასცა,  მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა: ,,…რომ ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.სამოქალაქო აქტივიზმი არის რეალური ბრძოლა, დიდი და მძიმე საქმე, რომელსაც მოჰყვება შედეგი, როცა ადამიანი სწორედ და თანმიმდევრულად მიემართება შედეგის მისაღწევად. ‘’ ,,…ირაკლი ქემოკლიძემ რეალურად მიაღწია შედეგს და შშმ პირთა უფლებების დაცვის დარგში ისეთი წინსვლა და ისეთი შედეგები დატოვა კანონმდებლობაში, რომ ამის შემდეგ უკუსვლა არ შეიძლება მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებების ბრძანება მისცა, პარლამენტმაც შეასრულა ეს და 2015 წლიდან უკვე მოქმედებს ეს ცვლილებები.ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომლის მაგალითიც ახალგაზრდებმა უნდა გაიმეორონ.ეს არის ბევრი ცოდნის, ბევრი სწავლის და ბევრი ბრძოლის შედეგი. ეს ნიშანია იმისა, რომ ასეთ ბრძოლას, თუნდაც ხანგრძლივს, ყოველთვის აქვს  შედეგი და ყოველთვის იმსახურებს დაფასებას. მინდა, რომ დღეს  ამ ჯილდოთი ჩვენი დაფასება გამოვხატოთ და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ.’’-სალომე   ზურაბიშვილი.

ირაკლი   ქემოკლიძე   დაკრძალულია თბილისში,საბურთალოს სასაფლაოზე (ჯიქია).

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.